უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოში ჩამოვიდა
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გვიან ღამით საქართველოში ჩამოვიდა. კვიტაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრმა სამომავლო გეგმებსა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლის გატარებასაც უკრაინის ჯანდაცვის უწყებაში აპირებს. როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, იგი ასევე მზად არის შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინაში ვიზიტისას თუ ეს პროტოკოლით იქნება გათვალისწინებული.
“არ ვიყავი მზად არც შემოთავაზებისთვის და არც ხანგრძლივი დროით დარჩენისთვის, ამიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი პირადი ნივთები წავიღო და გადავბარგდე. უკრაინაში დაძაბული პერიოდია – ბიუჯეტის მიღება, ანტიკრიზისული პროგრამის გატანაა საჭირო, მსოფლიო სავალუტო ფონდთან არის მოლაპარაკებები. ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება, ამ ყველაფერს საინტერესო რეაქცია მოყვა, მინისტრთა კაბინეტი ძალიან ძლიერია“, – განაცხადა კვიტაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მმართველ გუნდში შესაძლო დანიშვნის საკითხს, როგორც კვიტაშვილმა აღნიშნა, მას ინფორმაცია არ აქვს.
“ეკა ზღულაძე უკრაინაში ნამდვილად ჩამოვიდა, რამდენიმე კომპანიაზე იყო საუბარი, მაგრამ როგორ დამთავრდა, არ ვიცი. ასევე არავის არ უკითხავს ჩემთვის, დაინიშნება თუ არა ზურაბ ადეიშვილი რაიმე პოზიციაზე, გარდა ქართული მედის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, ოფიციალური განცხადების შესახებ არ მსმენია“, – განაცხადა კვიტაშვილმა.