“უკრაინაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის გადადების მიზეზი არ გახდება”
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, კერძოდ, მთავრობაში ალექსანდრე კვიტაშვილის და ეკა ზღულაძის დანიშვნა, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის გადადების მიზეზი არ გახდება. როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პრემიერის უკრაინაში ვიზიტის გადადების აუცილებლობა ნამდვილად არ დგას.
“არა, ნამდვილად არ არის ამის აუცილებლობა და ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რაღაცეები მოხდეს თუნდაც უკრაინაში ან საქართველოში, რომ ასეთი დონის შეხვედრების გადადება მოხდეს. კონკრეტული დანიშვნები, რომელიც ეხება კვიტაშვილსა და ქალბატონ ზღულაძეს, ნამდვილად არ არის იმის საბაბი, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გადაიდოს. ეს მათი საკადრო პოლიტიკაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რიგით ქართველს წარმატებას ვუსურვებ ამ ორ ადამიანს უკრაინაში”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი წევრების უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაღიზიანება არ ყოფილა. თუმცა იყო გაკვირვება, რადგან საუბარი იყო სააკაშვილის ვიცე-პრემიერობაზე და ადეიშვილის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნაზე.
“ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი გაკვირვება, რადგან ეს ადამიანები ორივე იძებნება. არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც პასუხის გაცემას ეს ორი პიროვნება თავს არიდებს. ზუსტად ამის გამო იყო განპირობებული ჩემი კომენტარი. რაც შეეხება ზღულაძესა და კვიტაშვილს, მე ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე მათ მინდა წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა კალაძემ.