გიორგი მარგველაშვილი: ვფიქრობ, ამ მომენტში ხუმრობის კომენტირების დრო არ არის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხუმრობას პასუხობს. მარგველაშვილის განცხადებით, ახლა ხუმრობის კომენტირების დრო არ არის.
„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სრული პასუხიმგებლობით ვუპასუხებ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას, – იქნება ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული, ბატონი კოჟორიძის, თუ ქალბატონი გიგაურის, მაგრამ როდესაც ლაპარაკია თქვენს მიერ მოწოდებული ხუმრობის კომენტირებაზე, ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ამის დრო არაა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტისა და “რესპუბლიკელების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა.
“ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. “ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, “ნაციონალები” კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს “რესპუბლიკელების” და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები