დავით უსუფაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დღეს, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა, სადაც ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა, ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში ნატოსა და მოკავშირეების ჩართულობაზე ისაუბრეს. განიხილეს ის შესაძლებლობები და ვალდებულებები, რაც საქართველოს ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული.
„სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველო ნატოსთან ნაკისრ ყველა ვალდებულებას ასრულებს. განსაკუთრებით უელსის სამიტის შემდეგ, თანამშრომლობის ინტენსიურ რეჟიმზე გადასვლა ეს არის უკვე მომზადებული პროცესი და ამ თვალსაზრისით, ჩვენ არანაირი პრობლემები არ გვემუქრება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა იმ საერთო საფრთხეებზე ისაუბრეს რაც საქართველოს და ნატოს წევრ ქვეყნებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ემუქრებათ.
„სტუმარს მადლობა მოვახსენე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებისთვის, რომელიც იყო დროული და ადეკვატური სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს იმ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებებზე გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ჩვენ უელსის სამიტის შემდეგ ველით“, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე საუბარი დემოკრატიული რეფორმების პროცესს და ზოგადად, თავდაცვის სამინისტროში განხორიცლეებულ ცვლილებებსაც შეხო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, დარწმუნდა, რომ არათუ რაიმე ცვლილებაა პოლიტიკურ კურსში არამედ, ძალიან ტექნიკურ დონეზეც კი, ყველა საკითხი ვითარდება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. როგორც სტუმარმა შეხვედრისას აღნიშნა, შიდა პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტია, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან მეტ სტაბილურობას ელის.
„2016 წლის გაზაფხულზე ნატოს მორიგი სამიტია დაგეგმილი, ამ დროისთვის უკვე განხორციელებული პროექტების, მათ შორის, სასწავლო ცენტრისა და სხვა ღონისძიებების თაობაზე ნატო ჩვენი მხრიდან პროგრესს ელის. 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის იმიტომაც, რომ საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და ჩვენ, მმართველი პოლიტიკური გუნდი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირნათლად შევხვდეთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები