საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, 2015 წლიდან საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება. საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი საბჭო იქნება გამგეობასთან არსებული სათათბირო ორგანო, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებების შემუშავებასა და გამგეობისთვის წარდგენას შეუწყობს ხელს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში სამი საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება, რომელიც რამდენიმე უბანს გააერთიანებს: 1. დიღომი-ვაშლიჯვარი; 2. ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა- საბურთალოს ქუჩა; 3. კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანი.
საბჭო საბურთალოს რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით, ბიზნეს, მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. მოქალაქეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდება. საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია 2015 წლის 1 თებერვლიდან დაიწყება.
საბურთალოს რაიონში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, დაგეგმილია საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა დედაქალაქის სხვა რაიონებში. საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმით, რაიონებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან რაიონის გამგეობას ექნება სრულყოფილი ბერკეტი, რათა კარგად გაიგოს მის რიაონში არსებული პრობლემები, ჩართოს მოსახლეობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, უკეთ დაგეგმოს ბიუჯეტი და მის შესრულებაზე დააწესოს სამოქალაქო კონტროლი. „ეს არის საჭირო, დროული და საინტერესო პროექტი, რომელიც შედეგებს მალე მოგცვემს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები