საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა – ზამთარში ადამიანები გარეთ არ დატოვონ
სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. უწმინდესმა და უნტერესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა. პატრიარქის თქმით, ტაძარი სასუფევლის კარიბჭეა და ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც ამ კარიბჭის წინ დგას.
„ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფევლთან. ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც დგას ამ კარიბჭის წინ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს ტაძრის მნიშვნელობას. ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, მადლი სულისა წმინდისა. მე მახსენდება, როდესაც ვიწყებდით წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას, როდესაც ჩვენ ტაძრის ასაშენებლად ამოვიღეთ ღრმული, ბევრი ფიქრობდა, რით უნდა ამოვსებულიყო ეს ღრმული, შევძლებდით თუ არა ტაძრის მშენებლობას. ჯერ კიდევ არაფერი არ იყო და ჩვენ ვგრძნობდით, რომ იმ ადგილზე განსაკუთრებული მადლი ტრიალებდა. ხალხს წასვლაც კი არ უნდოდა იქედან. ღმერთმა ამოავსო და აგვიშენა ეს ტაძარი და ამასთან ერთად – ჩვენმა ხალხმა. საერთოდ რასაც აკეთებს ადამიანი, ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდის ძალა უხვად არის გადმოსული საქართველოზე. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი უფალმა აგვაშენებინა“, – ამბობს უწმინდესი.
პატრიარქმა ქადაგებისას აგრეთვე გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ ემზადებოდნენ მისი მშობლები შაბათ-კვირას ტაძარში წასასვლელად. გაიხსენა ვლადიკავკაზში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი და ტაძრის ეზოში დასაფლავებული წარმოშობით ბერძენი წმინდა ანასტასია ანდრეევას საფლავი. უწმინდესის თქმით, იგი სასწაულმოქმედი ადამიანი იყო და 1932 წელს გარდაიცვალა. ქადაგებისას მან მრევლს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ერთხელ წირვის შემდეგ მისმა დედამ და ასევე 17 ადამიანმა ანასტასიას საფლავზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში.
პატრიარქმა ისაუბრა გაჭირვებულ ხალხზეც. უწმინდესმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში მასთან ხშირად მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლები დაკარგეს. მან ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში მაინც ნუ გამოასახლებენ ამ ადამიანებს თავიანთი საცხოვრებლებიდან.
„მინდა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღო და სახლები ჩადო. ბანკს გამოყავს ისინი სახლიდან და შუა ზამთარში გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ადამიანები საპატრიარქოში და ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს დაეხმარონ, აპატიონ, ან სახლი არ გაუყიდონ“, – ამბობს უწმინდესი.
უწმინდესი ქადაგებისას ბოლო პერიოდში მოსახლეობაში გამოვლენილ აგრესიასაც შეეხო – ხალხს აგრესია მოედო და მათთვის სიმშვიდე და მოთმინება ითხოვა უფლისგან.