„არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალების“ მებაირახტრე არასამთავრობოებს სახელმწიფოებრივი ინტერესი გააჩნიათ“

მოსმენების შესახებ მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღნიშნული კანონი ასეთი ხმაურის მიზეზი.
დეპუტატის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრს იღებენ და ხელისუფლებას თითის ქნევით ესაუბრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მათ სახელმწიფოებრივ ინტერესშიც ეჭვი შეიტანა და ინსტიტუციების გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა.
„მოსმენები, რომელსაც შსს განახორციელებს, სანქცირებული იქნება სასამართლოს მიერ, ხოლო მასზე კონტროლს პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი და პარლამენტი მკაცრად განახორციელებს. კანონის შედგენისას ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოება, ამიტომ აუცილებელია, რომ მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნდეს. ქვეყანაში ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს. გასაოცარი ისაა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს აქციებით ან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან, არ ჩანდნენ „ნაციონალების“ მმართველობისას. ესენი ძველი ხელისუფლების მებაირახტრეები და ახალი ხელისუფლების მოძულეები არიან. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სოკოსავით ამოსულ არასამთავრობოებს სახელმწიფოებრივი ინტერესი გააჩნიათ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები