ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ აქციაში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ აქციას საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია უერთდება და 3 დეკემბრიდან საჯარო და კერძო სკოლებში იწყებს აქციას სახელწოდებით „სიკეთე უსასრულოა“,- ამის შესახებ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელებმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა კახა ნიკოლაძემ განმარტა, აქციის ფარგლებში ფედერაცია ბერი ანდრიას ფონდთან ერთად სკოლის მოსწავლეებს მათი ასაკის მიხედვით სხვადასხვა დავალებას შესთავაზებს. თუმცა, განურჩევლად ასაკისა, მათი მთავარი მიზანი სიკეთის ასახვა უნდა იყოს.
„დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, პირველი კლასიდან 6 კლასის ჩათვლით, ბერი ანდრიას ფონდის იდეის მიხედვით შევთავაზებთ ბავშვებს, დახატონ, თუ როგორ ხედავენ სიკეთეს. ეს ნახატები გადმოიგზავნება ჩვენთან ფედერაციის ელექტრონულ ფოსტაზე, შეირჩევა და მოვამზადებთ მათ გამოფენა – გაყიდვისთვის. პირველი გამოფენა 17 დეკემბერს გაიმართება. ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება ბერი ანდრიას სახელობის ფონდის სარეაბილიტაციო სახლს, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებზე ზრუნავენ. აქციის ფარგლებში მეორე აქტივობაა კომიქსები. მე-7, მე-8 და მე -9 კლასის მოსწავლეებს შევთავაზებთ კომიქსების დახატვას და ამ ფორმით მოძალადის გაშარჟებას. იუმორი ხშირად უფრო მძლავრი იარაღია, ვიდრე სადამსჯელო ღონისძიება. აქციის კიდევ ერთი შემადგენელია ვიდეორგოლები. ჩვენ მე-10 , მე -11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შევთავაზებთ, გადაიღონ 3-5 წუთიანი ვიდეორგოლები იმაზე, თუ როგორ ესმით მათ, რა არის ოჯახური ძალადობა. ეს გამოკვეთს მომავალი თაობის დამოკიდებულებას ოჯახში ძალადობის შესახებ. სავალდებულო არ არის ვიდეო პროფესიონალი კამერით იყოს გადაღებული, მთავარია ასახავდეს შინაარსს და მობილურის კამერითაც შესაძლებელია გადაღება“,- განაცხადა კახა ნიკოლაძემ.
ნიკოლაძის თქმით, სკოლებში უკვე გადაიგზავნა ინფორმაცია აღნიშნული აქციის შესახებ, სადაც მითითებულია ვადები, თუ რა პერიოდში უნდა შეასრულონ ბავშვებმა დავალებები. სკოლებიდან შერჩეული მასალები ფედერაციაში გაიგზავნება. ფედერაციაში შერჩეული ნახატები და კომიქსები გამოიფინება, ვიდეორგოლები კი ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე აიტვირთება.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა განმარტა, დაგეგმილი აქცია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლებში გაიმართება.
აქციას უკვე უერთდება 112-ე საჯარო სკოლა და ბერი ანდრიას ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები.
112-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო თაბაგარმა „კვირას“ პრესკლუბში, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს როლზე ისაუბრა და მათ სასარგებლო პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.