რატომ დაიკლო მტკვარში წყლის დონემ – გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ასპინძის რაიონში მდინარე მტკვარში წყლის დონის კლება დააფიქსირა.
როგორც “კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვარზე მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სააგენტომ მდინარე მტკვარში (ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვისთან) წყლის დონის კლება დააფიქსირა. მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს ეროღლუს წერილი გაუგზავნა.
“თურქული მხარე წუხილს გამოთქვამს და განმარტავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე “ქაიაბეის” კაშხლის შევსება ზამთრის სეზონისათვის, რამაც მტკვარში წყლის დონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ თურქულმა კერძო კომპანიამ დროულად არ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დაგვიანდა ქართული მხარის ინფორმირება თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან წყალაღების შესახებ.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად მიუთითა თურქული კერძო კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან შესაბამისი ნორმები წყალაღებასთან დაკავშირებით და მოგვცა პირობა, რომ მომავალში ამგვარი გაუგებრობა აღარ განმეორდება. ხოლო, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მტკვარში წყლის დონეზე. გამომდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული
ურთიერთობიდან, ამჟამად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს მომავალში ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განცხადებით, თურქული მხარის ინფორმაციით, წყლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ნორმალურ დონეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დაუბრუნდება.
“ამასთან, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე შემოდის თურქეთიდან. შესაბამისად, წყლის დონის დროებითი შემცირება არ იწვევს სერიოზულ რისკებს. მიუხედავად, ამისა, სამინისტრო განუწყვეტლივ აწარმოებს მონიტორინგს და ნებისმიერი ცვლილების შესახებ უმალვე ამცნობს საზოგადოებას”, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები