შსს-მ ყვარელში პოლიციელის მკვლელობაში მონაწილე სამი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ივანე ი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1986 წელს დაბადებული გიორგი კ. განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ილია ს-ს დანაშაულის აღსრულებაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ივანე ი-მ 30 ნოემბერს, გამთენიისას, ინგლისიდან ჩამოსულ ილია ს-ს ცეცხლსასროლი იარაღი დაახვედრა და ავტომანქანით გადაადგილებაში ეხმარებოდა, ხოლო გიორგი ს-მ და გიორგი კ-მ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი და მისი მოძრაობის მარშრუტი დაუდგინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ივანე ი-მ დანაშაულის ჩადენის იარაღი გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლიდანაც ილია ს-მ პოლიციელს ესროლა, კვალის დაფარვის მიზნით დაშალა და მდინარე დურუჯში გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული იარაღის ნაწილი მდინარიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ი. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, გიორგი ს. თბილისში, პეკინის გამზირზე, ხოლო გიორგი კ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის დანაშაულში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები