„სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებით თანხმობის მიღწევა შესაძლებელია“
სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებით თანხმობის მიღწევა შესაძლებელია – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ რელიგიის საკითხთა სააგენტოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა. მისი თქმით, კომისიაზე მოხდა შეთანხმება, რომ გადაწყვეტილება კონსესუსით იქნება მიღებული.
როგორც მეუფე თეოდორემ განმარტა, ყველა მხარემ – როგორც სახელმწიფომ, ასევე მართლმადიდებელმა და მუსლიმმა მრევლმა უნდა გამოხატოს თანხმობა.
„არ არსებობს საკითხები, რომლებზეც შეთანხმება არ შეიძლება. ყველა საკითხზე შეიძლება მივაღწიოთ თანხმობას და ეს აუცილებელია. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. შევთანხმდით მუსლიმური თემის წარმომადგენლებთან, ყველასთან, რომ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხალხში დაძაბულობა მოიხსნას. მოვუწოდებ როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მრევლს, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს, დაძაბულობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მისაღები იყოს. ბევრი შრომაც რომ მოგვიწიოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის ძმური ურთიერთობა, რომელიც ამ სოფელში და მთელს საქართველოში არსებობს მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს, ასევე ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდეს და ჩვენს შორის არანაირი გაუგებრობები არ იყოს”, – აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
სოფელ მოხეში სადავო შენობის გამო დაპირისპირება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც მუსლიმმა მრევლმა იმ შენობის სამუშაოები გააპროტესტა, სადაც, მათი თქმით, წლების წინ მეჩეთი იყო განთავსებული. მანამდე ადგილობრივმა თვითმმართველობამ და გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე ბიბლიოთეკა გაიხსნებოდა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები ქრისტიანებიც და მუსლიმებიც, და კარგ კულტურულ დაწესებულებად გადაიქცეოდა.