უწმინდესმა ყრუ და სმენდაქვეითებულებს უმასპინძლა – „თქვენგან მრავალი გენიალური მხატვარი გამოვა“
მე ვფიქრობ, რომ თქვენ ბედნიერები ხართ. თქვენგან ძალიან ბევრი გამოვა გენიალური მხატვარი, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეხვედრაზე მისულ “ყრუთა კავშირის წევრებს” და ყრუ და სმენადაქვეითებულ საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ ბევრად უკეთესი ნამუშევრები გამოუვათ, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ადამიანი ახერხებს.
“ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენ ნაკლი გაქვთ. ამაში თუ ნაკლი გაქვთ, სხვაში ხართ გენიალურები. უნდა იპოვოთ, რა ნიჭი მოგცათ ღმერთმა. ყურადღება მიაქციეთ ამას, შეიძლება საუკეთესო ხატმწერები, მხატვრები გამოხვიდეთ. ერთი გოგონა ჩამოვიდა უცხოეთიდან. მე მივამაგრე ხატმწერს და საუკეთესო ხატმწერი გამოვიდა. შემდეგ წავიდა თავის ქვეყანაში და ახლა ხატებს ხატავს”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ თუკი სურვილი ექნებათ, საპატრიარქო მათ გამოუყოფთ ხატმწერს, რომელიც ბავშვებს ხატვას ან ხატწერას შეასწავლის. უწმინდესის თქმით, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანი რაიმე მხრივ უნარმოკლებულია, აუცილებლად ღმერთი აძლევს სხვა ნიჭს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ადამიანები გენიალური, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულები არიან.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მათი ოჯახის ახლობლები და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი კალანდაძე და სხვა სასულიერო პირები, რომლებსაც წლების განმავლობაში სმენის პრობლემის მქონე ბავშვებთან შეხება აქვთ, აზიარებენ, მათთვის ლოცვებს კითხულობენ.
პატრიარქთან შეხვედრაზე ბავშვებმა სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარემ ამირან ბატატუნაშვილმა უწმინდესს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის. მისივე თქმით, წერილობით მიმართა, საპატრიარქოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოყოფილიყო ადგილი და შესაძლებლობა ყოფილიყო სმენადქვეითებულებისთვის ჩატარებულიყო წირვა-ლოცვა, მამა გიორგიმ კი შეძლო, შეესწავლა ჟესტების ენა, რათა მოესმინა სმენადაქვეითებულთა და ყრუთა აღსარებები, მათი სულიერი გზა სწორად წარემართა. სამებაში უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა მათთვის გასაგებ ენაზე.