საქალაქო სასამართლო კიკეთში მომხდარი დანაშაულის განხილვას იწყებს – დაჭრილი ნიკუშა ნატროშვილი კვლავ რეანიმაციაშია მოთავსებული

კიკეთში მომხდარი დანაშაულიდან 6 თვე გავიდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად, დაჭრილი 24 წლის ნიკუშა ნატროშვილი ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, პროკურატურიდან უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი. წინა სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და საქმე არსებითი განხილვისთვის მზადდება. 11 დეკემბერს, სასამართლოს წინაშე ნიკუშა ნატროშვილის ბრალდებულები – თანაკლასელი თეიმურაზ აფციაური და 20 წლის პაატა, იგივე პაპუნა გოშაძე წარდგებიან, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს.
როგორც „კვირას“ დაზარალებული მხარის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო სამი დღის განმავლობაში უფრო და უფრო დამძიმდა. მათივე ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში პაციენტი ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციიდან პალატაშიც იყო გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.
ახლობლების ინფორმაციით, გამომძიებელი ნიკუშა ნატროშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეხვდა. გამომძიებელი დაზარალებულს პალატაში გაესაუბრა. თუმცა, მან კიკეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები ვერ გაიხსენა.

„ნიკუშა ამ დრომდე ვერ საუბრობს, მხოლოდ თვალებით გვაგებინებს, თუ რა სურს მას. იგი ხელოვნურად იკვებება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ექვსი თვის განმავლობაში დღითიდღე მძიმდება. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, სეფსისი დაემართა და მუცლის ღრუში რამდენიმე ორგანო ამოკვეთეს. ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გვსურს, რომ საზღვარგარეთ წავიყვანოთ და შესაბამის კლინიკას ვეძებთ“, – აღნიშნა პაციენტის ნათესავმა მაკუნა კახიანმა. შეგახსენებთ, რომ ნიკუშა ნატროშვილი 22 ივნისს კიკეთში დაცხრილეს. ახლობლების ინფორმაციით, მას 25 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კიკეთში მომხდარი დანაშაულისთვის – 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა მისი ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი თეიმურაზ აფციაური დააკავეს. ამავე დანაშაულზე კიდევ ერთი პირი, 20 წლის პაატა, იგივე პაპუნა გოშაძეა დაკავებული, რომელიც თეიმურაზ აფციაურის უბნელია. მას ნიკუშა ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
აღსანიშნავია, რომ მძიმედ დაჭრილი ნიკუშა ნატროშვილი და თეიმურაზ აფციაური ბავშვობისდროინდელი მეგობრები არიან, ისინი კერძო სკოლა „ჯეჯილში“ პირველი კლასიდან ერთად სწავლობდნენ. ხოლო პაპუნა გოშაძე თეიმურაზ აფციაურის მეგობარი და უბნელია. ისინი საბურთალოზე ცხოვრობდნენ.
დანაშაულის შემდეგ, ცხელ კვალზე, შსს-მ 1994 წელს დაბადებული პაატა გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

collage

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები