ბანკეტზე მომხდარი ტრაგიკული ავარიისას დაშავებული ლადო ჩაჩანიძე გამოწერეს, ლოლიტა ჯულაყიძის მდგომარეობა კი მძიმეა

29 მაისს სკოლის ბანკეტზე ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა ლადო ჩაჩანიძე რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ სავადმყოფოდან გაწერეს.
კვლავ მძიმეა მასთან ერთად დაშავებული თანაკლასელის, 18 წლის ლოლიტა ჯულაყიძის მდგომარეობა, რომელიც ისრაელის საავადმყოფოდან მოსკოვში გადაიყვანეს.
როგორც “კვირასთან “ საუბრისას ლოლიტას მეგობარმა მარიამ ბერიძემ აღნიშნა, ლოლიტა კომიდან გამოვიდა, თუმცა ის კვლავ უკონტაქტოა.
“ლოლიტა ავარიიდან რამდენიმე კვირაში ისრაელში წაიყვანეს სამკურნალოდ. იქ რამდენიმე თვე მკურნალობდა, ახლა გადაწყდა, რომ მკურნალობა რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა გააგრძელოს. მანაც და ლადომაც თავის ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღეს. ლადო რამდენიმე ხნის წინ გამოწერეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ლოლიტა კომიდან გამოვიდა, თუმცა კვლავ უკონტაქტოა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, -აღნიშნა დაშავებული ახალგაზრდის მეგობარმა.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს თბილისში, 84-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის დამთავრებას ზეიმობდნენ. ბანკეტზე მიმავალი კლასელები, ლადო ჩაჩანიძე და ლოლიტა ჯულაყიძე რესტორანში მისვლამდე ავარიაში მოყვნენ და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღეს. უმძიმეს მდგომაროებაში მყოფი ახალგაზრდები სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებულები. რაღაც დროის განმავლობაში ლადო კონტაქტური იყო, ერთ დღეს კი საერთოდ გაითიშა, გულის პრობლემები შეექმნა, თუმცა მდგომარეობა კვლავ დარეგულირდა. ლოლიტა და ლადო პირველი კლასიდან ერთად სწავლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები