რუსეთში სტივ ჯობსის დაშლილი ძეგლი აუქციონზე გაიყიდება

სანქტ-პეტერბურგში სტივ ჯობსის დაშლილი ძეგლი საზღვარგარეთ ინტერნეტაუქიონზე გაიყიდება,- ამის შესახებ აუქციონის მფლობელი კომპანიის „ზეფსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ცნობილია, რომ შემოსული თანხა რუსი IT-სპეციალისტებისთვის განკუთვნილი გრანტებისთვის გამოიყოფა.
უზარმაზარი „აიფონის“ ფორმის მონუმენტი ინტერნეტაუქციონზე ვებგვერდ zefs.ru-ს საშუალებით გავა. ძეგლის საწყისი ფასი 5 მილიონი რუბლია, პირობა კი – მონუმენტის რუსეთის საზღვრებს გარეთ გატანა. ვაჭრობა 10 დეკემბრამდე გასტანს. ცნობილია, რომ შემოსული თანხის ნაწილი  „იოტაფოუნ 2“-ის ახალი აპარატების შეძენას მოხმარდება. ნებისმიერ მსურველს საკუთარი „აიფონის“ გადაცვლა „იოტაფოუნ 2“-ზე შეეძლება.
იმ შემთხვევაში, თუ მონუმენტს უცხოელი მყიდველი არ მოეძებნება, გიგანტური სმარტფონი საჯაროდ განადგურდება,- ამის შესახებ კომპანია „ზეფსმა“ განაცხადა. მიზეზი, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „ტიმ კუკის მხრიდან სოდომისკენ საჯარო მოწოდებაა“.
შეგახსენებთ, რომ ძეგლი უზარმაზარი „აიფონის“ სახით „ზეფსის“ ინიციატივით 2013 წლის იანვარში დაამონტაჟეს. მას სენსორული ეკრანი ჰქონდა, რომელზეც კომპანია „ეფლის“ დამფუძნებელზე ინფორმაცია ჩნდებოდა. მონუმენტის უკანა მხარეს QR-კოდი იყო განთავსებული, რომლის საშუალებით სტივ ჯობსისთვის მიძღვნილ ვებგვერდზე შესვლა იყო შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები