„საქართველოში ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება“

საქართველოში ევროპული არჩევანი არასოდეს გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არასოდეს საქართველოში საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს ამის გამო, რადგან ეს არჩევანი წინაპრებმა გააკეთეს.
„ჩვენი ევროპელობა არის არა ჩვენი კონიუნქტურული გადაწყვეტილება, არამედ ის ბუნებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ერს ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ მიუღია. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გვაღიარებდნენ ევროპულ ერად, ქრისტიანულ-იუდეურ კულტურის ნაწილი არა მხოლოდ ვიყავით, არამედ ვქმნიდით ამ კულტურას. ამიტომაც ევროპა ჩვენი ოჯახია, ჩვენი ღირებულებებია, ჩვენი მომავალია. ამავდროულად, ის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გარანტია. პოსტსაბჭოური ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე – ასეთია დღეს ჩვენი ისტორიულ-პოლიტიკური მისია,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც მოხდა ევროპასთან პარაფირების ხელშეკრულების ასოცირება. მისივე თქმით, ქვეყნის მიზანი ახლა არის, უმოკლეს ვადაში მოაწეროს ხელი ამ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც საქართველო გახდება სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან ამ ტიპის ურთიერთობა ექნება გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები