„ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა რჩება“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტაბილური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავ დარღვეული ტერიტორიული და საზოგადოებრივი მთლიანობა რჩება. მარგველაშვილის განცხადებით, 2013 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის ყველაზე მტკივნეული პრობლემები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
“ის, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით უნდა განხორციელდეს, უმნიშვნელოვანესია და ასევე უმნიშვნელოვანესია ამ კურსის უცვლელობა. ეს კურსი ეფუძნება სახელმწიფო სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვევობის, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და ქვეყნის დეოკუპაციის პრინციპებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ კურსის გაგრძელების პროცესში ერთ-ერთი მთავარი თემა დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება იქნება.
“უმნიშვნელოვანესია გაააქტიურდეს გაეროს და ეუთოს როლი ამ პროცესში და ეს ხალხი დაუბრუნდეს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.