„ილიას უნივერსიტეტში სამარცხვინო არჩევნები ჩატარდა“

  ილიას უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები ახალი რექტორის გიგა ზედანიას წინააღმდეგ გამოდიან. უნივერსიტეტის ლექტორი ზურაბ გაგნიძე უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების არადემოკრატიულობაზე საუბრობს და სამარცხვინოს უწოდებს. უნივერსიტეტის პედაგოგები არჩევნების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.
როგორც ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ გაგნიძე აცხადებს, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა განიხილებოდა და მას აკადემიური საბჭოს ექვსივე წევრმა მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ამავე არჩევნებს ილიას უნივერსტიტეტის ყოფილი ლექტორი გიგი თევზაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრებოდა. „ეს იყო სამარცხვინო არჩევნები, შვიდი წევრი არ მონაწილეობდა. როგორც ვიცი, მხოლოდ 6 წევრი იყო აკადემიურ საბჭოსი, ვინც აირჩია. თუ ამას არჩევნები ჰქვია, ამ არჩევნებს გიგი თევზაძეც ესწრებოდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც. ამ ექსვსკაციანმა შემადგენლობამ აირჩია ერთი გიგა ზედანია, რომელსაც სხვა კონკურენტი არ ჰყავდა“, – აცხადებს ზურაბ გაგნიძე.
მისი თქმით, გიგა ზედანია ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის გიგი თევზაძის კადრია.
„ვინ არის გიგა ზედანია და გიგი თევზაძის ხელის ბიჭია. ზედანია, ფილოსოფოსი ვარო, ამბობს და გაურკვეველი პროფესიისა ამ დროს. ეგ გააპროფესორა თევზაძემ. ყველამ დავინახეთ, რომ თურმე კადრები გიგი თევზაძეს არ ჰყოლია. ეგ ეძებდა თავისზე სუსტს. ის არის ყველაზე სუსტი და საცოდავი, რომ ვერ გაართმევს თავს და გიგი თევზაძე, ალბათ, კაბინეტში ეჯდება. ვიმეორებ, ამ არჩევნებს არ დავტოვებთ“, – აცხადებს ზურაბ გაგნიძე.
მისივე განცხადებით, საჭირო დუკუმენტაციის მომზადების შემდეგ, პროფესორ-ლექტორები ილიას უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს ილიას უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად გიგა ზედანია აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები