შეაიარაღებულმა პირებმა „კარტიეს“ გაძარცვა სცადეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც პარიზის ცენტრში ცნობილი საიუველირო მაღაზია – „კარტიე“ გაძარცვეს.
ფრანგული პრესა წერს, რომ მძარცველები ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი ელისეის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მაღაზიაში შეიჭრნენ და სალაროდან თანხა აიღეს, შემდეგ კი ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს. თუმცა, ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია.
შეიარაღებულმა პირებმა მოპარული ნივთები ადგილზე დაყარეს და გაქცევა სცადეს. ისინი ახლოს მდებარე ერთ-ერთ სალონში შეიჭრნენ, სადაც მძევალი აიყვანეს.
პოლიციამ შენობის მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მძარცველებმა მძევალი გაათავისუფლეს და პოლიციას ჩაბარდნენ.