„08“-ის დამფუძნებლები კომპანიის წართმევაში დათა ახალაიას და სოსო თოფურიძეს ადანაშაულებენ
კომპანია “08”-ის დამფუძნებლები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ. საინფორმაციო ცენტრის „08“- ის ყოფილი დამფუძნებლები უახლოეს მომავალში სამართალდამცავი ორგანოებისათვის ოფიციალურად მიმართვას აპირებენ და გამოძიებას კუდ-ის ყოფოლი მაღალჩინოსნებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ ,,08’’ – ის უკანონოდ მითვისების საქმით დაინტერესებას სთხოვენ.
როგორც „კვირას“ კომპანია „08“ -ის დამფუძნებლების ადვოკატმა, იურიდიული კომპანია “LCHL”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კერესელიძემ განუცხადა, საქმე ეხება კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების, კერძოდ დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მიერ, მათთან დაახლოებული ბიზნესმენის გამოყენებით „08“- ის მეპატრონეებისათვის კომპანიის ძალადობრივი გზით წართმევისა და შემდგომი განუკითხაობის ფაქტებს. ,,08-ის ისტორია,რომელიც აქამდე საზოგადოებისათვის ცნობილი ნაკლებად იყო – კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს თუ რა სახის მეთოდებით და ფორმებით ახდენდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ფავორიტი ბიზნესმენი მნიშვნელოვანი ქონების უკანონოდ წართმევას და საკუთარი თავისა და უახლოესი ნათესავების კეთილდღეობისათვის მოხმარებას. ასევე, გვაქვს დამამტკიცებელი საბუთები, როგორ ცდილობს წინა ხელისუფლებასთან და მათ მიერ ჩადენილ ძალადობასთან პირდაპირ ასოცირებული ბიზნესმენი სადღეისოდ მსხვერპლის როლის მორგებას და ამგვარად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას’’, – აცხადებს ირაკლი კერესელიძე.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ისინი დამამტკიცებელი არგუმენტებითა და დოკუმენტაციით, სამართალდამცავებს გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ.