“ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის დაგეგმილ ხელშეკრულების ხელმოწერას გამოეხმაურა. როგორც პარტიის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობამ აღნიშნული ხელმოწერა სათანადოდ უნდა გააპროტესტოს.
ოპოზიციური პარტიის განცხადება “ნაციონალური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააჟღერა.
“დღეს მოწერილ ხელშეკრულებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან გადასადგმელია ნაბიჯები, რომლითაც ანექსიის პროცესს დაუკავშირდებით.მიუხედავად საფრთხისა, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა ამ დღეს. მიგვაჩნია, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით რუსეთის ანექსიას. ამ ნაბიჯებს შორის არის ჩვენ მიერ პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, სადაც კონკრეტული პოლიტიკაა გაწერილი ანექსიის საწინააღმდეგოდ. ამ პოლიტიკიდან სამ ძირითად ელემენტს ჩამოვთვლი. პირველი, საქართველო აუცილებლად უნდა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსია. მეორე, დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც ანექსიის საკითხი იქნება განხილული, ავამოქმედოთ ყველა სხვა ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაში, მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში და მესამე, გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რადგან რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ვეგუებით აფხაზეთის ანექსირებას. ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტისგან მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე აღნიშნული რეზოლუცია მიღებული იქნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.