რა ხდებოდა ბაჩო ახალაიას მინისტრობისას ქართულ ჯარში?

ვიცე-პოლკოვნიკი ახალაიების წინააღმდეგ

კიდევ ერთი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. ფოთში განთავსებული საჰაერო თავდაცვის საზენიტო – სარეკეტო დივიზიონის ყოფილი მეთაური გიორგი ლილუაშვილი „კვირასთან“ აცხადებს, რომ მას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 2012 წელს, წინასაარჩევნოდ უკანონო ბრძანებების შესრულებას აიძულებდნენ, რასაც ის არ თანხმდებოდა. ვიცე-პოლკოვნიკის განცხადებით, ბაჩო ახალაიას დავალებების შესრულებას მისივე დეიდაშვილი, ფოთის ყოფილი მერი ვახტანგ ლემონჯავა და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე აიძულებდნენ. დღეს ვახტანგ ლემონჯავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ჩხოროწყუს რაიონიდან პარლამენტის დეპუტატია.

რას შეეწირა ვიცე-პოლკოვნიკის თანამდებობა და რატომ არის იგი დღემდე თადარიგში? ამ საკითხზე გიორგი ლილუაშვილი „კვირასთან“ საუბრობს.
“მითითებები, რასაც სამხედრო მაღალჩინოსნები მაძლევდნენ, ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: დავიწყებ ჩემი დანიშვნიდან. მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე იყო, მაღალ თანამდებობებზე თითქმის ყველა სამხედრო მოსამსახურის დანიშვნა მამამისთან – როლანდ ახალაიასთან თანხმდებოდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც მე ფოთში დივიზიონის უფროსის პოზიციაზე წარმადგინეს, ჯერ სენაკში ჩამიყვანეს და როლანდ ახალაია გამაცნეს. შეხვედრისას მივხვდი, რომ მან ჩემს შესახებ ყველაფერი უკვე იცოდა და შეკითხვებს ზრდილობის გულისთვის მისვავდა…პირველ რიგში, მას აინტერესებდა, ვიყავი თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარებელი და მათთვის “სანდო” პირი… ადამიანი, ვინც როლანდ ახალაიასთან წარმადგინა, წინასწარ გამოკითხეს და სწორედ ეს კითხვები დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ გამოცდილი მებრძოლი და ქვეყნის ერთგული ვიყავი… ამ შემთხვევაში მე არ ვიყავი ერთადერთი, ვისი დანიშვნაც ბაჩო ახალაიას მამასთან შეთანხმებით გადაწყდა.
კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. მალთაყვაში ჯარისკაცებს კერძო საკუთრებაში ჰქონდათ მიწები, ლემონჯავა კი მათ აიძულებდა ეს მიწები დაეთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამსახურიდან მე უნდა გამეთავისუფლებინა… ანუ, ლემონჯავა სამხედრო მოსამსახურეებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ცდილობდა. როგორც ვიცი, მალთაყვაში მაშინდელი ხელისუფლება ე.წ. დევნილთა დასახლების აშენებას აპირებდა და ტერიტორია ამისთვის სჭირდებოდათ…რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. მე ამ უკანონობის თანამონაწილე ვერ გავხდებოდი!
გარდა ამისა, შემოიტანეს წესები, რაც ჯარისკაცებს მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. თუკი ისინი ფიზიკური მომზადების დროს ნორმატივებს ვერ ჩააბარებდნენ, მათ ხელფასიდან 30 პროცენტის ოდენობის თანხა ექვითებოდათ და თუკი, ნორმატივებს მეორე ჯერზეც ვერ ჩააბარებდნენ – 60 პროცენტი ეჭრებოდათ. მაშინვე ვფიქრობდი, რომ ეს სამხედრო მოსამსახურეების მიმართ არასწორი მიდგომა იყო. ჯარისკაცების უკან ოჯახები იდგნენ, ხშირ შემთხვევაში მათ ბანკებიდან კრედიტები ჰქონდათ აღებული და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ დაწესებული წესები, მათ გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. მე არც ამის თანამონაწილე გავხდი – ასეთ დავალებებს ვერ შევასრულებდი! ასევე მთხოვდნენ, ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას, ვისაც ჯარი რუსეთში ჰქონდა მოხდილი…ესეც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის!” – ამბობს გიორგი ლილუაშვილი.
კიდევ ერთი ბრძანება, რომელიც ლილუაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, სამხედრო ტერიტორიაზე წყლის ცისტერნების მილების განადგურება იყო.
„ფოთში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იდგა წყლის რეზერვუარები, რითაც სამხედრო ნაწილის სასადილო და აბანო მარაგდებოდა. ერთხელ ლემონჯავამ შუამავალი გამომიგზავნა და მითხრა, რომ პრეზიდენტი უნდა ჩამოვიდეს და ცისტერნები ხედს მიუშნოვებსო. ფოთის სამხედრო ნაწილი 21 -ე საუკუნის შეარაღებული ძალების სირცხვილი იყო, იქ ყველაფერი განადგურებული და დანგრეული იყო. შევთავაზე, რომ ცისტერნები შემეფუთა, მაგრამ არ დამთანხმა. რეზერვუარების მოჭრაზე მე კატეგორიული უარი განვაცხადე. ამის შემდეგ, თბილისიდან ვიღაცამ დარეკა და ის რეზერვუარები მაინც მოჭრეს. სამხედრო ნაწილი უწყლოდ დარჩა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს დახლოებით 60-70 ათასი ლარის ზარალი მიადგა. ის 20 – ტონიანი რეზერვუარები დღემდე ძირს ყრია.
თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას, ძალიან დიდი პროტესტი გამიჩნდა, იქ გაუგონარი უკანონობა ხდებოდა! მე არ აღმოვჩნდი ის პირი, რომელიც მათ დავალებებს ბრმად შეასრულებდა. დამიბარეს და მითხრეს, დაწერე განცხადება და მადლობელი იყავი, რომ არ გიჭერთო…,“ – აღნიშნავს გიორგი ლილუაშვილი.
მისი თქმით, ფოთში განთავსებული საჰაერო თავდაცვის საზენიტო – სარეკეტო დივიზიონის კეთილმოწყობისთვის სამინისტროს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. ის ამბობს, რომ იქ, სადაც ჯარისკაცები ცხოვრობენ, შენობებს ფანჯარები დღესაც არ აქვს.
„ფოთის იმ სამხედრო ნაწილში, რომელსაც ვმეთაურობდი, ერთი თეთრიც არ იყო დახარჯული. შენობაზე დღესაც ბალახებია ამოსული და მას ფანჯრებიც კი არ აქვს. უცხო ადამიანს კითხვა გაუჩნდება, რა არის აქ, საერთოდ? კითხვები ჰქონდათ გაეროს მისიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც სამხედრო ნაწილში მოდიოდნენ…. უკვირდათ, ეს რა ხდება? ეს დივიზიონიაო “? – ამბობს ლილუაშვილი.
ვიცე-პოლკოვნიკმა თავდაცვის სამინისტროს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში მიმართა. როგორც ლილაუშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე კომისია გაიარა, ის დღემდე არ აღუდგენიათ.
„მივმართე მინისტრს, გარკვეული პერიოდის შემდეგ სპეციალური შემოწმებები გავიარე და საჰაერო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვინიშნებოდი. ეს თანამდებობა დღესაც ვაკანტურია. თუმცა, გიორგი კალანდაძის კლანმა დამბლოკა. თავდაცვის სამინისტროში კალანდაძის, ურიდიას, ძნელაძის, ჭელიძის, მაკარაძის და ასე შემდეგ კლანის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მრავლად არიან. სამწუხაროდ, ეს ხალხი თავდაცვის სამინისტროში დღესაც განსაზღვრავენ პოლიტიკას და ჩემი თანამდებობაზე აღდგენა სწორედ მათი მიზეზით ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა.
როგორც გიორგი ლილაუშვილი აცხადებს, მან თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით ამჟამად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი პასუხს ირაკლი სესიაშვილისგან ელის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები