ზაალ კასრელიშვილი: ირაკლი ალასანია თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილეა
პიროვნებამ, რომელმაც არ გამოიძია სერგო თეთრაძის საქმე, დანაშაული დაფარა. ირაკლი ალასანია თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილეა,- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ზაალ კასრელიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება ხელახლა უნდა ჩატარდეს. კასრელიშვილის განცხადებით, იგი თეთრაძის საქმის გამოძიებას ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას მინისტრად დანიშვნისას ელოდა, თუმცა უშედეგოდ.
„ველოდებოდი, რომ თეთრაძის საქმეს გამოიძიებდნენ ჯერკიდევ ალასანიას პერიოდში, რადგან ალასანიამ მინისტრად დანიშვნამდე ამის პირობა დადო. მან თეთრაძის საქმეზე ალასანია ამბობდა, რომ მისი გამოძიება ქართული არმიის ღირსება იყო, გმირადაც შერაცხა თეთრაძე, თუმცა ორი წლის განმავლობაში არათუ გამოიძია, არამედ თეთრაძის საქმეში მონაწილე სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნები თანამდებობებზე დატოვა, დააწინაურა და წაახალისა.
ჩვენი მიზანი არ არის ბრალი წავუყენოთ ვინმეს, ციხეში გავუშვათ, მიზანი სიმართლის დადგენაა. ჩვენ ვხედავთ, რომ პიროვნებამ, რომელმაც არ გამოიძია თეთრაძის საქმე, არის დანაშაულის დამფარველი. ის თანამონაწილეა თეთრაძის მკვლელობის. ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით. ობიექტური გამოძიება თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ხელახლა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ექსპერტი გამოეხმაურა „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტში ზაქრაძესა და რეზო სახვაძეს შორის გამართული საუბრის ფარულად გაკეთებულ ჩანაწერს ასახავს.
მისი თქმით, რეზო სახვაძემ პროკურატურაში სარჩელი უნდა შეიტანოს, ხოლო გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რატომ ხორციელდებოდა ფარული ჩანაწერები ლევან ზაქრაძის კაბინეტში.
„რა თქმა უნდა, უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო. სახვაძემ პროკურატურაში სარჩელი უნდა შეიტანოს. ლევან ზაქრაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თეთრაძის საქმეზე კი ის, როგორც თანამონაწილე, ისე უნდა დაეკითხათ“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში („კვირა“ ვიდეომასალის მხოლოდ ფრაგმენტს აქვეყნებს) ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი, სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.
არჩევნების შემდეგ, მინისტრმა ალასანიამ თეთრაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კადრების განკარგულებაში, მართლაც, გადაიყვანა რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის – ლევან ზაქრაძე, ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ხევსურიანი და სხვები, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი თავდაცვის უწყებაში არამცთუ სამსახურებრივ პოზიციებზე დააბრუნა, დააწინაურა კიდეც. ამ ფაქტს თავის დროზე თეთრაძის ოჯახის დიდი პროტესტიც მოჰყვა.
იხილეთ სტატია: kvira.ge