ზურაბ ხურციას ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

უკრაინაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ზურაბ ხურციას ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა,- ამის შესახებ გარდაცვლილის დამ ნინო ხურციამ „კვირასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ძმის დაღუპვა კიევში გაშვებულმა მომწამლავმა გაზმა გამოიწვია, რის გამოც მას გულის შეტევა დაემართა.
„ჩემი ძმა თავისი ავადმყოფობით კი არა, ხელოვნურად გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა. ვინც იქ მოკვდა, ყველა დაავადებული იყო და გულით გარდაიცვალა? ამის მაპროვოცირებელი იყო მაიდანზე გაშვებული გაზი. არაფერს ვკითხულობ, ვიცი, რომ ამისთვის უკრაინის ხელისუფლებას ვერ ვუჩივლებ და სამართალს ვერ მივაღწევ. მე უბრალოდ მეჩქარება, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს საკითხი და მალე ჩამოასვენონ ძმის ცხედარი“,- განაცხადა ნინო ხურციამ.
ხურციას ოჯახი სოციალურად დაუცველია და სენაკში, საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს. ხურციას გარდაცვალების მიზეზად უკრაინის ექსპერტიზამ გულის შეტევა დაადგინა. როგორც „კვირას“ უკრაინაში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, დასკვნაში მითითებულია, რომ ზურაბ ხურციას გარდაცვალების მიზეზი იშემიური დაავადება, გულის უკმარისობაა. საკონსულოს ინფორმაციით, საელჩომ გარდაცვლილის გადასასვენებლად საჭირო პროცედურები უკვე მოამზადა და ახლა ოჯახის გადაწყვეტილებას ელოდება. ზურაბ ხურცია კიევში 18 თებერვალს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები