სასჯელაღსრულების სისტემაში კვების სტანდარტი გაუმჯობესდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პატიმართა კვების 2013 წელს მიღებული სტანდარტი გააუმჯობესა. როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, პატიმართა კვების რაციონში, 2013 წლის სტანდარტთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა ხორც-პროდუქტების, რძის პროდუქტების, პარკოსნების, ბურღულეულისა და პურპროდუქტების წილი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სისტემაში 11 მიზნობრივი რაციონი და სხვადასხვა სახის დიეტური მაგიდაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული რაციონები განსხვავდება ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებისთვის, ასევე არასრულწლოვანთათვის, ქალი მსჯავრდებულებისათვის, დიაბეტით და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისთვის.
როგორც უწყებაში განმარტავენ, კვების ახალი სტანდარტი 2014 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს და სხვადასხვა რაციონის მიხედვით, მისი ღირებულება დღეში 1 პატიმარზე 3.26 ლარიდან 5.23 ლარამდე მერყეობს. პატიმართა კვებისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი წელიწადში 14 940 700 ლარს შეადგენს. კვების ორგანიზებას 2014 წელს კომპანია „ჯი-ემ-ემი“ უზრუნველყოფს, რომელიც ვალდებულია პატიმრებს ხარისხიანი პროდუქციით დამზადებული საკვები მიაწოდოს და ყოველდღიურად მომზადებული საკვების სინჯები 48 საათის განმავლობაში შეინახოს კონტროლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები