“მიხეილ მესხის“ სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ქანდაკება გაიხსნა
დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – მიხეილ მესხის ქანდაკება. გახსნის საზეიმო ცერემონიას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ქალაქის მერი – დავით ნარმანია, სპორტის მინისტრი – ლევან ყიფიანი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთის ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები და მიხეილ მესხის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ქანდაკების ავტორი გოგი შხვაცაბაიაა, რომელმაც სფფ-ის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ქანდაკების შექმნისა და დადგმის ინიციატორი და განმახორციელებელი კი, ფეხბურთის ფედერაციაა. ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს ქალაქის მერიამ და საკრებულომ. ღონისძიებას ესწრებოდნენ და ძეგლი უშუალოდ გახსნეს 1964 წლის 18 ნოემბრის „დინამო“ თბილისის ვეტერანმა ვარსკვლავებმა, „ოქროს ბიჭებმა“ – ილია დათუნაშვილმა, გიორგი სიჭინავამ და ვლადიმერ ბარქაიამ. ამიერიდან, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ქანდაკება მისივე სახელობის სტადიონს დაამშვენებს და მის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს. ქანდაკების გახსნამდე კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის ახალი წიგნის – „ქართული ფეხბურთის დიდგორი“ – პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო. წიგნი 1964 წლის 18 ნოემბრის გამარჯვებას ეძღვნება და მასში უამრავი საინტერესო ისტორიაა და ფოტოა თავმოყრილი.