მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლებს პრემიის თანხა გაეზრდებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდის გაზრდის შესაძლებლობა ექნება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს პროექტი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის “საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”.
როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი უპრეცენდენტო შემთხვევაა, რომელიც საშუალებას აძლევს სასახლის ადმინისტრაციას თანამშრომლებისთვის (პედაგოგებისთვის) განკუთვნილი საპრემიო ფონდი გაზარდოს საკუთარი შემოსავლების ხარჯზე. “სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია პედაგოგიური კოლექტივის შრომის სათანადო დაფასება, მოტივაციის გაზრდა და მოსწავლეებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ყოველივე ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, სასახლის ხელმძღვანელობამ მოიძია დაფინანსების სხვადასხვა გზები. რადგანაც აღნიშნულ სსიპ-ს უფლება აქვს შემოიღოს ფასიანი მომსახურება, რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რაც ასევე ითვალისწინებს მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალურ დაცვას, მათ სტიმულირებას დამატებითი შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სახით. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გადავიდა ნაწილობრივ ფასიან სწავლებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სასახლის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის იანვარში მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ გაეწია შუამდგომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეზე არ გავრცელებულიყო საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლის თანახმადაც, საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 20%-ს და აღნიშნული ლიმიტი გაზრდილიყო 120%-მდე, საიდანაც 20% არის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან, ხოლო 100% სასახლის საკუთარი შემოსავლებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები