პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას, საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს და აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. მათ შორის, გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების იდეას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით 6-8 თვე გაგრძელდება და შეთანხმებაზე ხელმოწერა ოქტომბრამდე მოხდება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტზე. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. როგორც ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს არის ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორს ასოცირების ინსტრუმენტი.
„ამიერიდან ჩვენ გვექნება ამბიციური მიზანი, მოვილაპარაკოთ შემდეგი 6 თვის განმავლობაში და გადაწყვეტილება მივიღოთ სექტემბრისთვის, რათა საქართველო ჩვენი ენერგეტიკული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდეს, გვქონდეს საერთო წესები, სტრატეგია, ინფრასტრუქტურა. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ინვესტირებას გაზსადენ „შაჰდენიზი 2“-ის პროექტში. ჩვენ მივდივართ სრულიად ახალი მიმართულებით და ენერგეტიკული საზოგადოების წევრობა იქნება ერთგვარი ჩარჩო ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა გიუნტერ ოტინგერმა.
ევროკომისარმა მეგობრული დახვედრისა და თბილ გარემოში მიღებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, საქართველომ ევროპულ ენერგეტიკაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გასულ წელს გააკეთა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. ვიცე-პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ენერგეტიკულ სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის ყველა საჭირო რეფორმას გაატარებს. „ჩვენ ვისაუბრეთ „შაჰდენიზ 2“-ის პროექტზე, რომლის განხორციელება 2014 წელს დაიწყება და საშუალება გვექნება, დამატებით 16 მილიარდით გაიზარდოს მილსადენის გამტარიანობა. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება იმით, რომ გატარებული გაზის მოცულობის 5% საქართველოს დარჩება, რაც დაახლოებით მილიარდი კუბური მეტრია. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომელთა განხორციელების პროცესში ევროპისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება. საუბარია ინფასტრუქტურულ პროექტებზე, შავი ზღვის გადამცემ ხაზზე, რომლითაც შესაძლებელია საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში და თურქეთის გავლით – ევროპაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები