6 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 6 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. მათივე ინფორმაციით, სააგენტო ცხოველთა სასაკლაოების კონტროლს ამკაცრებს.
მოსახლეობის უვნებელი ხორცპროდუქტებით უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ამოწმებს ცხოველთა სასაკლაოებს.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა 90 გეგმური და 43 არაგეგმური ინსპექტირება. გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, გადამოწმდა 101 სასაკლაო. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 სასაკლაოს. დღეისათვის საქართველოში ოფიციალურად ფუნქციონირებს 85 სასაკლაო, საიდანაც გაიცემა ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2, რაც დასტურია იმისა, რომ საქონელს ჩატარებული აქვს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. ბოლო პერიოდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური სასაკლაოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოიღო საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელსაც არ გააჩნდა ჯანმრთელობის ნიშანდება და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობას.
„სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს, მით უფრო, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში ახალი ცნება – აღიარების მოთხოვნა შემოდის, რაც გულისხმობს რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის შესაბამისობის დადასტურებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებას სახელმწიფო კონტროლის შედეგების გათვალისწინებით (“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” მე-13 მუხლი) ექვემდებარება ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან.
„საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ” მე-5 მუხლის თანახმად, თუ ბიზნესოპერატორი წარმოადგენს სასაკლაოს ან ახორციელებს ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებზე დაყრდნობით”,- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, იაქტიუროს და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში დარეკოს სააგენტოს „ცხელ ხაზზე“: 291 91 68 (შიდა 3067; 3069)“, – აღნიშნულია განცხადებაში.