პრემიერი: ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს
ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, საქართველოსათვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია.
“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, წარმოადგენს რა ჩვენს ეროვნულ იდეასა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთა შორის, რადგან ჩვენში სახეზეა პოლიტიკური ელიტის ერთიანობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით. საქართველოსათვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულების ქმედითი გამოხატულება, რომელიც ქმნის ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების წარმატებული განვითარებისათვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი”, – განაცხადა პრემიერმა.