ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბალცი საქართველოში, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ შეხვედრაზე მიიწვია.
მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად, 2015 წელს საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსება იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიოლეტა ბალცს განუმარტა, რომ ფორუმის ფარგლებში საქართველო ყოველწლიურად უმასპინძლებს აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენელთა მაღალი დონის შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს იდეების ურთიერთგაცვლას და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს. პრემიერმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, რომელიც დიდი მოცულობის სატვირთო გემების მიღებას შეძლებს და ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.