საქართველოს დამსახურებული არტისტი შოთა ცუცქირიძე გარდაიცვალა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი მსახიობი, რეჟისორი, თეატრმცოდნე, საქართველოს დამსახურებული არტისტი შოთა ცუცქირიძე.
იგი 1946 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში მსახიობად, 1961 წლიდან კი მსახიობად და რეჟისორად. თეატრის პარალელურად 1970 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში; 1992 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის პროფესორი. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში თოჯინური თეატრის დამკვიდრებასა და განვითარებაში. თეჯირს მიღმა „ჩამალული“ ოსტატი ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი შტრიხებით, იმპროვიზაციით ქმნიდა თავისებურ სამყაროს. შოთა ცუცქირიძე გახლავთ რეჟისორი თოჯინების თეატრის უმნიშნელოვანესი და საეტაპო სპექტაკლებისა – „ბატის ჭუკი“ და „გედების ტბა“. შოთა ცუცქირიძეს დიდი წვლილი მიუძღვის მეთოჯინე- მსახიობთა არაერთი თაობის აღზრდაში.
შოთა ცუცქირიძე იყო უნიმას (თოჯინების თეატრების მოღვაწეთა საერთაშორისო ასოციაცია) წევრი – 1962 წლიდან; 1958 წ. გახდა თეატრების საკავშირო ფესტივალის ლაურეატი; მიღებული ჰქონდა მრავალი სიგელი და მედალი, 2001 წელს მიენიჭა „ღირსების ორდენის კავალერის“ წოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები