ევროპის კომისრებმა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმები მოუწონეს და რჩევები მისცეს
„საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპის კომისრებმა ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და დემოკრატიული პროცესების გამო მადლიერება გამოთქვეს და საქართველოს გარკვეული რჩევები მისცეს“,- ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა.
ქუცნაშვილის განცხადებით, პრემიერის ევროპის კომისრებთან წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვისაც კი ნათელი გახდა ის, რომ საქართველოს ევროპული კურსი ურყევია. მისივე თქმით, ევროპის კომისრებმა საქართველოს ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და სასამართლო რეფორმა მოუწონეს.
„ასოცირების საბჭოს ფორმატში შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ – მინისტრსა და ევროპის კომისრებს შორის, ყველამ იგრძნო, თუ როგორია დამოკიდებულება ევროპის მიმართ. საგარეო და უშიშოების საკითხებში ევროპის კომისარმა პირდაპირ გამოთქვა მადლიერება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების გაგრძელების კუთხით და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მიესალმა. გვირჩია სასამართლო რეფორმის, ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების პროცესის გაგრძელება. გვირჩია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ პოლიტიკოსები ვინმეს დაკავების შემთხვევაში კომენტარის გაკეთებას. პარლამენტის წევრების საქმე არ არის, განსაჯონ, საქმის წარმოება სწორად ხდება თუ არა. პოლიტიკოსები საქმის სრულ შინაარსს არ იცნობენ. საქართველო იყო და რჩება ნატოს პარტნიორად და იმ სპეციალური ცენტრის შექმნა, რაზეც შეხვედრისას იყო საუბარი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ არც ევროპაში და არც ევროპის იქეთ არავის არ ეპარება ეჭვი საქართველოს აღებული კურსის ურყეობაში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.