ქართველების უვიზო მიმოსვლას ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ ქართველების უვიზო მიმოსვლას და ეთანხმებიან სამოქმედო გეგმის შეფასების ახალი რაუნდის დაწყებას. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი იმ საერთო მიზნის ერთგული რჩება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას, იმ პირობით, რომ ქვეყანა დააკმაყოფილებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირობებს კარგად მართული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბრიუსელში დღეს გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული სამოქმედო გეგმის (AP) განხორციელების შეფასების მეორე ანგარიშს. მინისტრები ასევე მიესალმნენ “ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გამოწვეული მიგრაციული და უსაფრთხოების შესაძლო გამოწვევების შეფასებას”, რაც იუსტიციის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულია საბჭოს დასკვნებში.
ამასთან, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამოქმედო გეგმის განხორციელების მნიშვნელობას. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები გაეცნენ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის ყველა კრიტერიუმი, და გადაწყვეტილება მიიღეს მეორე ეტაპის კრიტერიუმების შეფასების დაწყების შესახებ.
ასევე, ხაზი გაესვა “მეორე ეტაპით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის სრული და ეფექტური იმპლემენტაციის აუცილებლობას”.
იუსტიციის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, ევროსაბჭომ მოუწოდა ევროკომისიას, განაგრძოს საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა. ასევე, ამ პროცესის ანგარიშების მომზადება, კერძოდ, “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმის შესრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მიგრაციული და უსაფრთხოების შესაძლო გამოწვევების გათვალისწინებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები