სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „დელტაში“ დარღვევები აღმოაჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „დელტაში“, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და რამდენიმე სხვა საჯარო უწყებაში დარღვევები აღმოაჩინა,- ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ ისაუბრა.
თორდიას განცხადებით, უწყებების ბოლომდე შესწავლამდე და საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ის დეტალებზე ვერ საუბრობს. მისი განცხადებით, აუდიტის სამსახური ათობით სახელმწიფო უწყებას სწავლობს, შემოწმებას აუდიტორები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ.
„ თავდაცვის სამინისტროში შევამოწმეთ „დელტა“, ეს საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. შევამოწმეთ ლოჯისტიკისა და ფინანსების დეპარტამენტი. „დელტაში“ ფიქსირდება დარღვევები, თუმცა ეს 2013 წლის პერიოდს არ შეეხება. მანამ, სანამ ჩვენ არ გვექნება საბოლოო დასკვნა და იდენტიფიცირებული არ იქნება გარკვეული დარღვევები, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით აუდიტორებს აქვთ მოსაზრება, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობს ფინანსებისა და შესყიდვების გამჭირვალობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოცემული მომენტისთვის შემდეგ სახელმწიფოო უწყებებს ამოწმებს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი, ქონების ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სახელმწიფო ელექტროსისტემები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის სისტემები, მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სისტემების ეფექტიანობა, სახელმწიფო ვალის ეფექტიანობა, სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, ასევე აუდიტის სამსახურის მიერ მოსწავლეების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის პროგრამის შესწავლა მიმდინარეობს.
აღნიშნულ უწყებებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოწმებას წლის ბოლომდე დაასრულებს. თორდიას განცხადებით, უკვე დასრულდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემოწმება, რომლის შესახებაც დასკვნა უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება.