„დარახველიძის დროს სამინისტროს შემოწმებაზე პრობლემები შეგვექმნა“

ერთ-ერთი უწყება, რომელსაც აუდიტის სამსახური ამოწმებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროა, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ამ უწყების შემოწმება მხოლოდ მინისტრის შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მანამდე კი სამინისტროს შესამოწმებლად არ უშვებდნენ.
„როცა დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე იყო, სამინისტროს შემოწმებასთან დაკავშირებით სამინისტროში წერილი გავგზავნეთ, თუცა, პრობლემები შექგვექმნა. რადგან სამინისტროში არ გვიშვებდნენ, მსჯელობა გვქონდა, რომ უწყების მიმართ საჯარიმო სანქციები გაგვეხორციელებინა, თუმცა, მინისტრი შეიცვალა და ეს არ გახდა საჭირო. ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ პრობლემა მოიხსნა და შესაძლებლობა მოგვეცა, უწყება შეგვემოწმებინა“, – აღნიშნა თორდიამ „კვირას“ პრესკლუბში.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, დევნილთა სამინისტროში რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი: „ჯერ დასკვნაზე მუშაობა არ დასრულებულა და, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, თქვენ ყოფილი ხელისუფლების მფარველობაში გადანაშაულებენ, კერძოდ, თქვენს მიმართ ერთ-ერთი ბრალდება ის არის, რომ ძველ პერიოდს არ ამოწმებთ, თორდიამ უპასუხა, რომ 2011-2012 წლები სწორედ რომ ყოფილი მთავრობის პერიოდია და გარდა აღნიშნულისა, შემოწმების მხრივ, თემატიკაც აქტუალური უნდა იყოს, რომ დარღვევებზე დროული რეაგირება მოხდეს:
„2011-2012 წლები მოქმედი ხელისუფლების პერიოდი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, როცა უწყებას ვამოწმებთ, თემატიკაც აქტუალური უნდა იყოს, რომ რეაგირება დროულად მოხდეს. აუდიტმა რეაგირება მიმდინარე პროცესებზე უნდა მოახდინოს, რომ კონკრეტულმა პირებმა თანამდებობაზე ყოფნისას კონკრეტულ დანაშაულზე პასუხი აგონ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები