ირაკლი სესიაშვილი ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში ჩამოყალიბების საკითხს აფასებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში ჩამოყალიბების საკითხს გამოეხმაურა. სესიაშვილის შეფასებით, ნატოს საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავზარდოთ.
“მაშინ, როდესაც ჩვენ ვამზადებდით გაძლიერებული პარტნიორობის პაკეტს, ამ ფორმატის მთავარი მიზანი იყო ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობების მხარდაჭერა, ზრდა. სწორედ ამ მიზნით, ამ პაკეტში დაიწერა ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, ეს კომპონენტი, ანუ საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობები გავზარდოთ, ამიტომ თავისთავად ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო მზად არის, ყოველმხრივ ნაბიჯი გადადგას და თავის თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა ამ პაკეტის ფარგლებში. ეს ის პაკეტია, სადაც ვალდებულებები აკისრია ორივე მხარეს. ჩვენ ამას მივესალმებით, მზად ვართ მაქსიმალურად დავაჩქაროთ მისი იმპლემენტაცია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, გადამეტებულია ის განცხადებები, რომელიც ნატოს ბაზის გახსნასთან დაკავშირებით ე.წ. რისკებს უკავშირდება.
“ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ვწვრთნით, ვატარებთ ტრენინგებს, ვატარებთ სხვადასხვა სწავლებებს, ამიტომ ჩვეულებრივად ეს პროცესი გაგრძელდება. აქამდეც ვახდენდით ჩვენი სამხედროების მომზადებას ნატოელ ექსპერტებთან ერთად. მომავალშიც გავარგძელებთ, უბრალოდ ამ ყველაფერს ექნება უფრო მკაფიო ფორმა, რაც მიზანმიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისკენ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უელსში მიღებულ პაკეტზე მუშაობა გაგრძელდება.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები