ირაკლი ალასანია გორში მხარდამჭერებს ხვდება
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის წარმომადგენლები: ალექსი პეტრიაშვილი, თამაზ შიოშვილი და ზურაბ აბაშიძე გორში მხარდამჭერებს ხვდებიან.
შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მიმდინარეობს.
როგორც ალასანიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, თითოეული სოფლის მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს მოაწყობენ და მათ სამომავლო გეგმებს მოქალაქეებს პირადად გააცნობენ.
მისივე თქმით, მისი გუნდი აქტიურ კამპანიას მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყებს.
„ჩვენ წინა რეჟიმის შესაცვლელად აქტიურად ვიყავით ჩართულები ყველა პროცესში და ეს ხალხმა კარგად დაინახა. ამჟამად მოსახლეობის წინაშე არსებული რეალობა ასეთია, ერთ მხარესაა დღევანდელი მთავრობა, მეორე მხარეს კი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთანაც საერთო არაფერი გვაქვს და არც გვექნება. და შუაშია მოლოდინი, რას იზამენ „თავისუფალი დემოკრატები“, ჩვენ სწორედ ეს მოლოდინი უნდა გავამართლოთ და იმედგაცრუებულ მოსახლეობას ნდობა აღვუდგინოთ”,- აღნიშნა ალასანიამ.