“საქართველო ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზას ევროკავშირის დაკვირვებით გააგრძელებს”
საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ მეორე ფაზა გახსნა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზას ევროკავშირის დაკვირვებით გააგრძელებს.
“ევროკავშირმა უნდა შეამოწმოს, როგორ ხორციელდება პრაქტიკაში საქართველოს მიერ შემოღებული რეფორმები, რაც ძალიან სასარგებლოა საქართველოს განვითარებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.
ევროსაბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის ყველა კრიტერიუმი. ასევე, ხაზი გაესვა „მეორე ეტაპით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის სრული და ეფექტური იმპლემენტაციის აუცილებლობას“. ევროსაბჭომ მოუწოდა ევროკომისიას, განაგრძოს საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა, ასევე, ამ პროცესის ანგარიშების მომზადება, კერძოდ, „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმის შესრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მიგრაციული და უსაფრთხოების შესაძლო გამოწვევების გათვალისწინება“.