ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად
ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ, ფედერიკა მოგერინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“დღეს ევროკავშირმა და საქართველომ გამართეს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს ევროპისაკენ მავალ გზაზე. ამ სხდომაზე ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ახალი ინსტიტუციური ჩარჩო. 2014 წელი იყო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მიღწევების წელი. დღეს ჩვენ მოგვეცა ამ მიღწევების შეფასებისა და რიგის სამიტის მოლოდინში შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს და, კერძოდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გამოწვევებს. პირველ რიგში, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, წარმოადგენს რა ჩვენს ეროვნულ იდეასა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორთა შორის, რადგანაც ჩვენში არსებობს პოლიტიკური ელიტის ერთობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებითვე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არის საქართველოს ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა.
“ეს არის საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონიმიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, რაც უზრუნველყოფს ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებისა და გაღრმავებისთვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა. ამ მიზნის მისაღწევად კი ჩვენ განვიხილავთ ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც ჭეშმარიტად ევროპული, სტაბილური და ქმედითი პლურალისტური დემოკრატიის საფუძველს, რომლის თანმხლებია კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. დღეს ასოცირების ხელშეკრულების ეფექტურ განხორციელებას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მივესალმებით ამ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ნაწილობრივ განხორციელებას ამ მიზნით და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, მივაღწიოთ დროულ წინსვლას ამ პროცესში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა კონკრეტული შედეგების დემონსტრირება რიგის სამიტისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ არსებით დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს რეფორმების გატარების პროცესში თითქმის ყველა სექტორში. ევროკავშირთან დაახლოების ახალი ამომწურავი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ იმედებს ვამყარებთ ევროკავშირის სამომავლო მხარდაჭერაზეც, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებისა და “მეტი მეტისათვის” პრინციპებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს განხორციელების პროცესის წარმატება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.