ირაკლი ღარიბაშვილი: რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმა, ყველაზე მეტად საქართველოს აწუხებს.
“ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტს ჩვენს პარტნიორებთან და გაგახსენებთ ყველა თქვენგანს, ჩვენ ეს კონფლიქტი 2008 წელს გავიარეთ და ის, რაც უკრაინაში ხდება, არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელება. ჩვენ გამოცდილება უკვე გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას წინ, სწორი მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი, ნატო აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს და ისინი გზას უჭრიან რუსეთის ხომალდებს.
“ჩვენ ვფხიზლობთ, მზად ვართ ასევე გავზარდოთ საჰაერო სივრის პატრულირება. ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ გზას ვუჭრით რუსეთის ხომალდებს. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის მიმართ, მას მივესალმებით და სანქციები გახლავთ ნათელი გზავნილი, რომ რუსეთის ქმედებებს მოსდევს შედეგი, რომ რუსეთი არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც იქცევა. ამას მოჰყვება რეაქცია და ამას მოჰყვება სანქციები და ეს ყველაფერი გაგრძელდება თუ რუსეთი გააგრძელებს ამას”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.