მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა, პროგრამის მოცულობა 50 მილიონი ლარია და მის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ინფრასტრუტურული პროქტების დასაფინანსებლად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა. მისვე თქმით, სამინისტროს თანამშრომლები მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან და მიმდინარეობს ტრენინგები სოფლის რწმუნებულებისთვის, რათა პროგრამის სწორად ადმინისტრირება მოხდეს. “შემდეგ დაიწყება სოფლის კრებები, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია ამა თუ იმ სოფელში აუცილებლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ. მოვუწოდებთ სოფლის მოსახლეობას, მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა დაფინანსდეს და მოგვარდეს ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ თავიანთ სოფლებში”, – განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ პროგრამის მონიტორინგის პროცესში, რათა ის წარიმართოს ისე, როგორც გათვალისწინებულია.