სოსო ცისკარიშვილი მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს ვერ ასახელებს

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თავდაცვის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების სატელეფონო საუბრისა და საფრანგეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული დოკუმენტის დეტალების საქმის კურსშია, თუმცა ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, სახელმწიფო საიდუმლოების ნიშნებს შეიცავს, ამ ეტაპზე არ ახმოვანებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია, პოლიტოლოგის განცხადებითვე, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ის ცნობილი გახდა ცისკარიშვილისთვის. პოლიტოლოგის თქმით, მას ძალიან სანდო „ჩიტი“ ჰყავს, რომელიც პერიოდულად მნიშვნელოვანი ინფორმაციებით ამარაგებს.
მისი თქმით, წყაროზე მეტად აქცენტი თავად ინფორმაციის სანდოობაზე უნდა გაკეთდეს.
ცისკარიშვილის განცხადებით, ალასანიას მოხსნის მიზეზი არა გაფორმებული დოკუმენტი, არამედ ზოგიერთი ხელისუფალის დოკუმენტთან დამოკიდებულება გახდა.
„სანამ თავად ალასანია და ჯანელიძე არ ისაუბრებენ ამ დოკუმენტის შესახებ, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ეს ამბავი „ჩიტმა“ მომიტანა. ამ ინფორმაციის სანდოობაზე ვისაუბროთ, წყარო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყოფილი და დღევანდელი მინისტრები ერთმანეთს არ ერჩიან, მაგრამ ის, რაზეც ისაუბრა ჯანელიძემ, არც მისი ინიციატივა იყო და არც მის მიერ წამოწყებული თემა. საუბრის მიხედვით უნდა მომხდარიყო გადახედვა საქართველოს პოზიციისა, უნდა ყოფილიყო თუ არა გაფორმებული ისეთი ტიპის ხელშეკრულება საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროსთან, რომელიც აამაღლებდა საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს. ვის ინტერესებში იყო, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადადგმულიყო? ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჯერჯერობით ფაქტია, რომ ჩვენმა ჯარმა დაკარგა დასავლეთისთვის ყველაზე სანდო და ყველაზე ეფექტური მინისტრი. მოვა დრო და ალასანია ალაპარაკდება. ამ თემაზე დეტალურად საუბარი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.“
კითხვაზე, რატომ გაახმოვანეთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ მას დეტალებზე არაფერი უთქვამს. „მე შინაარსზე არაფერი მითქვამს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, სანამ ალასანია პარიზში იმყოფებოდა. თემა, რაზეც იყო მოლაპარაკებები პარიზში, დღესაც შესაძლოა, გაგრძელდეს. შანსი დაკარგული არ არის. საქმეზე არანაირი დეტალები არ გამიხმაურებია. ეს დოკუმენტი არაფერ კავშირშია საჰაერო იარაღების შემოტანასთან. თუმცა მე ვფლობ ინფორმაციას „ჩიტისგან“, რომელიც პერიოდულად მოფრინდება ხოლმე და მაცნობს ინფორმაციას. ჩავთვალოთ, რომ ვაჟღერებ საიდუმლო ინფორმაციას“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები