200 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებს

 

     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარსა და ჩინურ სააქციო საზოგადოება „ჰუალინგ ინტერნეიშენალ სპეიშალ ეკონომიკ ზოუნ“-ის გენერალურ დირექტორს სიაოწინ შაოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 200 ბინის შესყიდვას.
„ჰუალინგ ჯგუფი“ თბილისის ზღვის მიმდებარე 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ოლიმპიურ სოფელს აშენებს, რომელიც 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტი თბილისის ამ ნაწილის ურბანულ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.
სამინისტრო „ჰუალინგ ჯგუფისგან“ 3 მრავალსართულიან კორპუსს შეისყიდის. მაღალი ხარისხის, სტანდარტებზე მორგებული კორპუსების მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 13 000 მილიონ ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, კორპუსები სამინისტროს 2015 წლის აგვისტოს თვეში, ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდგომ გადმოეცემა.
„ჰუალინგ ჯგუფის“ პროექტი „თბილისის ზღვის ახალი უბანი“, გარდა საცხოვრებელი კორპუსებისა, მოიცავს სკოლის, საავადმყოფო, პოლიციის განყოფილების, სახანძრო-სამაშველო სადგურის, სავაჭრო, ლოჯისტიკური, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები