„საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის დამფუძნებელია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების და სტუდენტების ჯგუფი, რომელთა შორის არის ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქალაქ თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ფონდის დამფუძნებლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები.
ფონდის მიზანია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სოციალური გარემოს ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გზით. ფონდში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს დაეხმაროს სოციალურად დაუცველ წარმატებულ სტუდენტებს.
ფონდი შეეცდება ფიზიკური პირების, პირთა ჯგუფების, ბიზნესორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების, ადგილობრივი მართვისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მობილიზებას, რათა მოხდეს ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის კონკრეტული ჰუმანიტარული, ან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები