საპატრიარქო 15 ნოემბერის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს განმარტებით, არც ერთი ღონისძიება, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და არც, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ იმართება.
“როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს თბილისში იმართება აქციაც და კონტრ-აქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრ-აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.
ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, – ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.
საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის. ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით”, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები