მერია: თბილისის ყველა რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მასშტაბით, დედაქალაქის ყველა რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება თბილისის ათივე რაიონში არსებულ გზებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს როგორც საავტომობილო გზების კაპიტალური, ისე ორმოული შეკეთებები.
„დამატებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა უკვე გააფორმა 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 15 კონტრაქტი სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთა ნაწილმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაიწყებს მუშაობას.
მიმდინარეობს როგორც საავტომობილო გზების კაპიტალური, ისე ორმოული შეკეთებები. კაპიტალური შეკეთება უტარდება: სარაჯიშვილის ქუჩას, სოფელ დიღმისა და სოფელ დიდგორის დამაკავშირებელ გზას, გოგებაშვილისა და ვირსალაძის ქუჩებს, მნათობის ქუჩას, რუსთაველის, ბათუმისა და აჭარის ქუჩებს, დოესის ქუჩას, 26 მაისისა და ლიბანის დამაკავშირებელ ქუჩას, თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარე მოედანს და მისასვლელ გზას, ახვლედიანისა და სხვა ქუჩებს.
უახლოეს დღეებში დაიწყება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში ყიფიანის, კერესელიძისა და ვანის ქუჩების, მთაწმინდის რაიონში: ტაბახმელაში კვირაცხოვლისა და ტაბიძის ქუჩების, ლეონიძისა და 9 აპრილის ქუჩების; ვაკე-საბურთალოს რაიონებში: წყნეთში ჯავახიშვილის II შესახვევის, უჩანეიშვილის ქუჩის IV გასასვლელის, ტაბიძისა და ცხვედაძის დამაკავშირებელი გზის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილის; ისანი-სამგორის რაიონებში წულაძე-დოდაშვილის ქუჩების, საქნავთის ქუჩის კაპიტალური შეკეთება.
გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს ქუჩების ორმოული შეკეთებები და ჯეტპაჩერის საშუალებით გზის საფარის ოპერატიულად აღდგენა, ასევე, საგზაო საფარზე ბზარების დამუშავებისა და ტროტუარების აღდგენის სამუშაოები.
ქალაქ თბილისის მერიამ, ასევე, 5 მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსის, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიისა და ჭაბუკიანის ქუჩის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელის, შავთელის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელისა და გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ყოფილი იპოდრომის და “მზიური”-ს მიმდებარე ტერიტორიები) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
პროექტის ფარგლებში, შეილესება კედლები და ჭერი, დაიგება ფილები, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა ახალი სანიაღვრე ცხაურები, აღდგება ხუფები, გადასასვლელებში დამონტაჟდება ელექტროგანათების სისტემები, სათვალთვალო კამერები და ეკრანები.
გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელებში დაგეგმილია საპირფარეშოების მოწყობა. გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში აღდგება არსებული და მოეწყობა ახალი საპირფარეშო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შავთელის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის საპირფარეშოს, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელში კი მოეწყობა ახალი საპირფარეშო. უახლოეს მომავალში ტენდერი კიდევ 6 მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციაზე გამოცხადდება“, – აღნშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები