გორის რაიონის სოფელ გაგლოაანთ უბანს 23 წლის შემდეგ ელექტროენერგია აღუდგა
გორის რაიონის სოფელ გაგლოაანთ უბანს 23 წლის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
სოფელში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე გია თორთლაძე და გამგეობის თანამშრომლები ჩავიდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივი მკვიდრის რევაზ გაგლოშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
გაგლოაანთ უბანში დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოხდა გამრიცხველიანება.
პროექტი ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განახორციელა. სამუშაოები რამოდენიმე დღის განმავლობაში ხორციელდებოდა.
გაგლოაანთ უბანში ოსი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს.
90 -იან წლებში სოფელში გაიძარცვა ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი სადენები. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები მიატოვეს.
დარჩენილი ადგილობრივები კი, ელექტროენერგიის გარეშე, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფელში მოსახლეობის დაბრუნებას გამოიწვევს.
„მაღალმთიან სოფლებში არაერთი პროექტი განხორციელდება, რათა ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს და შემოსავლის წყარო გაიზარდოს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას, გვაქვს კიდევ რამდენიმე სოფელი, სადაც სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება“, – განაცხადა დავით ონიაშვილმა.