საქართველოს პრეზიდენტი: უელსში მიღწეული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია დასაჩქარებელია
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება 2015 წლიდან ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში 750 ჯარისკაცი გააგზავნოს.
“ჩვენი სამხედროები გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, უაღრესად საპასუხისმგებლო როლს ასრულებენ, როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. მათი კონტრიბუცია აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ და მათ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. საქართველო მზადაა მომავალშიც შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უშიშროების განმტკიცებაში და უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, 2015 წლიდან ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილება განისაზღვრება 750 ჯარისკაცით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ ღონისძიებათა არსებითი პაკეტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
“უეჭველია, ყველა ვთანხმდებით, რომ უელსში მიღწეული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია დასაჩქარებელია და ეს პროცესი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გაგრძელდეს: არაღიარების პოლიტიკის მდგრადობასთან ერთად, მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების აქტიური და ერთმნიშვნელოვანი მიუღებლობა, ჩვენი კანონიერი უფლებების მხარდაჭერა, ჩვენს უშიშროებაზე რეალური და ქმედითი ზრუნვა”, – განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა პარლამენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გაითვალისწინეს მისი ხედვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების თაობაზე. “ამიერიდან პარლამენტი უშუალოდაა ჩართული ამ კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში; საბჭო ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობას როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მისაღებად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში სხვა საკითხებთან ერთად რეგულარულად მოხდეს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა, რადგანაც პაკეტის წარმატებით განხორციელება გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თავსებადობას ნატო-სთან და დააჩქარებს ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების პროცესს”, -განაცხადა მარგველაშვილმა.