დღეს, ბაქო-გროზნოს რეისის სამგზავრო თვითმფრინავის, Embraer 190 კატასტროფის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერს გლოვა გამოცხადდა,- შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.
ამასთან, ალიევის განკარგულებით, შეიქმნა აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების სახელმწიფო კომისია, რომლის წევრებიც შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდნენ.
“ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, AZAL-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს მარშრუტზე დაფრინავდა, უამინდობის გამო მიმართულება შეიცვალა, აქთაუს აეროპორტისკენ გაფრინდა და დაშვებისას ჩამოვარდა. ჩვენ არ ვიცით ავარიის მიზეზები. გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები, თუმცა, ვფიქრობ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ბუნებრივია, აზერბაიჯანის საზოგადოება რეგულარულად იქნება ინფორმირებული კომისიის მუშაობის შედეგებისა და სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.